ყველას უკვე მიეჩვია იმ ფაქტს, რომ მობილური თამაშები და აპლიკაციები მომხმარებლებს რეკლამის ნახვას ავალდებულებენ. თუმცა, Valve-ს მიაჩნია, რომ ამგვარ პრაქტიკას კომპიუტერზე ადგილი არ აქვს და განაახლა თავისი პლატფორმის შესაბამისი წესები.
როგორც უცხოური მედია იუწყება, ახლა Steam-ის დოკუმენტაციაში ზუსტადაა აღწერილი, რა არის დასაშვები და რა არა მათ მაღაზიაში. აი, რა აიკრძალა:
- რეკლამა, როგორც Steam-ში გავრცელებული თამაშის ბიზნეს მოდელის საფუძველი. პროექტი არ უნდა აიძულებდეს მომხმარებლებს რეკლამის ნახვას, რათა გააგრძელონ თამაში ან მიიღონ წვდომა დაბლოკილ კონტენტზე. თუ სხვა პლატფორმებზე პროექტში ასეთი ელემენტები არსებობს, მათ უნდა ამოიღონ Steam-ზე გამოქვეყნებამდე.
- ჯილდოები რეკლამის ნახვის ან მასთან სხვა სახის ინტერაქციისთვის.
- დეველოპერებისგან თანხის ამოღება Steam-ის ფუნქციებზე წვდომისთვის, როგორიცაა ბანდლები, ფასდაკლების გვერდები და ა.შ.
დასაშვებად გამოცხადდა შემდეგი პუნქტები:
- პროდუქტების განთავსება (product placement). თამაშებში შეიძლება იყოს არსებული ბრენდები, პროდუქტები და ა.შ., თუ ისინი არ აშორებენ ყურადღებას და თამაშის
კონტექსტში ჯდება. მაგალითად, რეალური კომპანიების სპონსორების სახელები რბოლებში ან ცნობილი ბრენდების ტანსაცმელი გარკვეულ თამაშებში. - ჯვარედინი რეკლამა. მაგალითად, თემატური ფასდაკლებების ან ერთობლივი ნაკრების ფარგლებში.
- ფასიანი რეკლამა Steam-ის ფარგლებს გარეთ.